დოდო ჭიჭინაძე დაიბადა 1926 წლის 28 დეკემბერს, დღეს მას 90 წელი შეუსრულდებოდა.
2000 წლის თებერვლის ერთ ცივ, ქარიან დღეს ქალბატონ დოდო ჭიჭინაძეს დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. მამადავითის აღმართთან ახლოს, ერთ ბნელ სადარბაზოში შევედი. მასპინძლის ოთახში სინათლე ხან მიდიოდა და ხან მოდიოდა - ამას შეჩვეულები ვიყავით. საღამოს ბინდბუნდში „თელასის საჩუქრის“ მოლოდინში, ქალბატონი დოდო დიდხანს მესაუბრებოდა და უკვე ჩამოწოლილმა სიბნელემ, უფრო მეტად გახსნა ამ მშვენიერი მანდილოსნის, ულამაზესი ქალბატონის სულის სიღრმეები. გული დამწყდა, როცა უცებ მოსულმა სინათლემ მის ასაკსაც გაუსვა ხაზი და მისი მარტოსულობის სევდანარევ ღიმილსაც. როგორც ქართული ენციკლოპედია იუწყება - დღეს, 2016 წლის 28 დეკემბერს, დოდო ჭიჭინაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა.ინტერვიუ პირველად ქვეყნდება.
![]() |
| გიორგი შავგულიძე და დოდო ჭიჭინაძე |
თქვენი დებიუტს, ალბათ საინტერესო ამბები მოჰყვა?
ჩვენი დრო სხვანაირი იყო... გიორგი შავგულიძე გურამიშვილს თამაშობდა, მე მის შეყვარებულს. მახსოვს, ერთი სცენაში, სადაც შავგულიძეს ჩემთვის უნდა ეკოცნა, როცა თავს მომიახლოვდებოდა, სიცილი აუტყდებოდა ხოლმე. ეს ამბავი, რომ გაგრძელდა, ჰკითხეს: „რაშია საქმე, ქალისთვის არ გიკოცნია?“ მან უპასუხა: „ქალისთვის მიკოცნია, მაგრამ ბღარტისთვის არა...“
მე მქონდა ბედნიერი დღეები. ჯერ ერთი, არაჩვეულებრივი მეუღლე მყავდა, მოიარა ბევრი ქვეყანა, უდიდესი ინჟინერი იყო. რევაზ ჯაფარიძის რომანის მიხედვით ფილმი უნდა გადაეღოთ და მე დედის როლი უნდა მეთამაშა და ხომ იცით, თეატრი რა არის? სანამ ამ როლს ვითამაშებდი, სულ მესმოდა... ქალს შვილი არ ჰყავს და დედა როგორ უნდა ითამაშოს? შეიძლება ქალს შვილი ჰყავდეს, მაგრამ დედად არ ვარგოდეს. ამ როლზე, რომ ვმუშაობდი, მინდოდა იმ სიმაღლეზე ავსულიყავი, რომ არავის ეთქვა, რომ მე დედა არ ვარ.
დოდო ჭიჭინაძე, მარინე თბილელი
თქვენ დროს, ულამაზესი ქალბატონები იყვნენ და კონკურენციაც ალბათ დიდი იყო....
ჩემ დროს, კინოში ძირითადად 4 ქალს გვიღებდნენ და ყველას რაღაც უნდა რგებოდა. როლზეც მითქვამს უარი, ერთ რეჟისორს ვუთხარი: ეს მისი როლია, ჩემი არ არის და მერე, ამის გამო სულ მადლობას მეუბნებოდა.
მგონია, რომ თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავს გარედან შეხედოთ და როგორი ბრძანდებით ქალბატონო დოდო?
საერთოდ, ცოტა სხვანაირი ვიყავი. ცხოვრებაში შურის გრძნობა არ მქონია და მეზიზღება ადამიანები, ვისაც შურის გრძნობა აქვს.
თქვენ კინოზე საუბრობთ და თეატრი თითქოს გამოგვრჩა... სანამ სინათლე მოვიდოდა, თქვენ ბრძანეთ, რომ, ჯერ სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდით, მერე კინოსტუდიის სასწავლებელში, მარჯანიშვილის თეატრში შალვა ღამბაშიძემ და ვერიკო ანჯაფარიძემ მოგიყვანათ...
თეატრი მომწონდა, ჯერ ერთი იმიტომ რომ მაყურებელთან მაქვს კონტაქტი და შეგიძლია რაღაც შეასწორო, კინოში ამის საშუალება არ გაქვს - გადაიღებ და все…ყველაფერი ამით მთავრდება, ამიტომ ჩემი თავის მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვარ. 50-ზე მეტი პერსონაჟი მითამაშია და აქედან ცოტა მაღალ დონეზე გამოვყოფდი 6 როლს. გული მწყდება ქეთევან წამებულზე - ეს განუხორციელებელი ოცნებაა.
ძალიან მორწმუნე ვარ, იმდენად, რომ შემიძლია სამშობლოსთვის თავი გავწირო და ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ეს არის. სამშობლო ჩემთვის ყველაფერია. ბავშვი უნდა გაიზარდოს ისე, რომ „მე“-ს კი არ უნდა ამბობდეს, არამედ „ჩვენ“. მანამდე ჩვენი საშველი არ იქნება.
ქალბატონო დოდო, რა შვენის ქალს?
უპირველეს ყოვლისა, ქალმა ნამდვილი სიყვარული უნდა იცოდეს. ოჯახი უნდა უყვარდეს... აი, როგორც ქვეყანას სჭირდება კარგი პოლიტიკოსი, ისევე აქაც, ოჯახში პოლიტიკის თამაშია საჭირო.
თქვენი აზრით, ცხოვრება როგორია?
ცხოვრება სასტიკია, მაგრამ საოცრად საინტერესო...
მარჯანიშვილის თეატრში, უამრავი ვარსკვლავი იყო და მათთან, როგორი ურთიერთობა გქონდათ?
მარჯანიშვილის თეატრში ბევრი გენიოსი იყო, ყველას პარტნიორი ვიყავი და თუ მათ პარტნიორობას ვერ შევძლებდი, გვერდით არ დამაყენებდნენ,
რას უსურვებდით საქართველოს?
მე იცით, რას ვუსურვებდი ჩემ საქართველოს? უპირველეს ყოვლისა, გაერთიანებას. ისე, ქართველ კაცს არასოდეს დაუჩოქია, არასოდეს, მაგრამ ახლა მოხდა...
ვუსურვებდი სულიერად ჯანმრთელი ახალგაზრდობის აღზრდას და მსურს, რომ ყველამ იცოდეს და შეასრულოს ათი მცნება, ვინაიდან ეს მცნებები ადამიანს ცხოველური თვისებებისგან იცავს.
ესე იგი, თქვენთვის მთავარია, ათი მცნების დაცვა?
აბსოლუტურად, აბსოლუტურად, იმიტომ რომ იქ არის მოწონებული, რანაირი უნდა იყოს ადამიანი. სიკეთე, მხოლოდ სიკეთე და ერთმანეთის დახმარება.
მომავლის იმედი გაქვთ თუ არა?
ცხოვრებაში იმედია ყველაფერი და მე ქართველი კაცის ნიჭის იმედი მაქვს.





No comments:
Post a Comment